ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების ნაყოფად შეიძლება მივიჩნიოთ Ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობის მცდელობა გარეგნული ფორმებითაც იდიდებოდეს უფალი. მრევლის ეს ინიციატივა და სურვილი გოგონათა გამშვენების ჯგუფის ჩამოყალიბებით რეალიზდა, რომელიც ყოველი დღესასწაულისა თუ განსაკუთრებული შემთხვევისთვის საგანგებოდ ალამაზებს კომპლექსის ტაძრებს, ეზოს და, ზოგჯერ – მის მიმდაბარე ტერიტორიასაც კი.
გამშვენების ჯგუფი სამრევლოს ახალგაზრდების ინიციატივით 2017 წელს ჩამოყალიბდა. გოგონათა მოხალისეობრივი აქტიურობით ჯგუფი ყოველწლიურად იხვეწება, ვითარდება და იზრდება რაოდენობრივი თვალსაზრისითაც. ჯგუფი არა მხოლოდ ტაძრების გამშვენება-მოწესრიგებაზე ზრუნავს, არამედ სპეციალურ დეკორაციებსაც ქმნის: ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ყველა ხატისთვის საგანგებოდაა შექმნილი მწვანე ფოთლებითა და თეთრი ყვავილებით გამშვენებული ჩარჩოები და გვირგვინები.