სტიქაროსნები

ჯვართამაღლების სამრევლო ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებით გამოირჩევა. ყოველდღიური საღმრთო ლიტურგიები მღვდელმსახურების გარდა სტიქაროსნების შესაბამის რაოდენობასაც მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სტიქაროსნების ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მზარდი რგოლია ტაძარში.

სტიქაროსნის შერჩევის წინაპირობას ტაძრის წინამძღვრის რეკომენდაცია წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მრევლის წევრის სულიერ მზაობას, მისი ევქარისტიული ცხოვრების ინტენსივობას, სამრევლო ცხოვრებაში თანამონაწილეობის ხარისხსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს ეფუძნება. ამ მიდგომით, დღეისათვის ჯგუფი 30-ზე მეტი სტიქაროსნისგან შედგება. 

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ახალ სტიქაროსანთა სწავლება და არსებულ რეალობასა და საჭიროებებზე მორგება, რასაც ხელს უწყობს ტაძრის მღვდელმსახურთა აქტიური თანამონაწილეობა: ჯვართამაღლების ტაძართან არსებულ “ათონის დარბაზში” სისტემატიურად იმართება სტიქაროსნებისა და მღვდელმსახურების შეხვედრები, რომლებიც ორიენტირებულია ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ დეტალებსა და მსახურებაში სტიქაროსნის როლის გააზრებაზე, ასევე – მსახურების ტექნიკურ დეტალებზე, ლიტანიობებსა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე.

სტიქაროსანთა მიერ მსახურებაში მონაწილეობის უკეთ დაუფლებისთვის მომზადდა სასწავლო მასალები, ე.წ “ვიდეოგაკვეთილები”, რომლებიც იძლევა სამღვდელო შესამოსლის მომზადების, საცეცხლურის გამოყენების, კვეთის და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების ვიზუალური აღქმის შესაძლებლობას. ამას გარდა, შეიქმნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებულ ტაძრებზე მორგებული „სტიქაროსნის მსახურების ტიპიკონი“, რომელიც ასახავს/აღწერს ლიტურგიკული მსახურებისას სტიქაროსნის მიერ შესასრულებელ ქმედებებს და მათ თანმიმდევრობას მღვდელმსახურის, მედავითნისა და მგალობელთა გუნდების ქმედებებთან მიმართებაში.

აღნიშნული თეორიული მასალების გარდა, პრაქტიკული სწავლება სტიქაროსნების მიერ მსახურებაში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს: გამოცდილი სტიქაროსნების გვერდით თანამსახურება საშუალებას აძლევს ახალ სტიქაროსნებს, პრაქტიკაში გაეცნონ მსახურებას და ეტაპობრივად აითვისონ აუცილებელი უნარები სრულყოფილი, დამოუკიდებელი მსახურებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ლიტურგიკულ მსახურებაში სტიქაროსანთა თანაბარი დატვირთულობისთვის ყოველკვირეულად დგება მსახურების განრიგი, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული სტიქაროსნის შესაძლებლობებს, თავისუფალ და სამუშაო დროებს, მსახურების სიხშირეს და ა.შ. ამრიგად, სტიქაროსნის ყოფნა უზრუნველყოფილია ყოველდღიურ ლიტურგიკულ მსახურებებზე.

აღსანიშნავია, რომ სტიქაროსანთა ნაწილი სასულიერო სემინარიის სტუდენტია. მათთვის, როგორც მომავალი სასულიერო პირებისთვის, ლიტურგიის, ტაძრის საჭიროებების და, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესწავლის მიზნით ჩამოყალიბდა „ტაძრის მამასახლისის“ ინსტიტუტი. ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებულ კონკრეტულ ტაძარზე პასუხისმგებელია კონკრეტული „მამასახლისი“ , რომელიც უზრუნველყოფს მის „დაქვემდებარებაში“ მყოფი ტაძრის სისუფთავეს, მსახურებისთვის საჭირო ინვენტარით და სახარჯო მასალებით დროულად უზრუნველყოფასა და სხვა მსგავს საკითხს.  

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სტიქაროსანთა ჯგუფის ფორმირებისას დასახული მიზნების უმეტესობა, ამ ეტაპზე, რეალიზებულია და მიღწეულია კონკრეტული შედეგებიც. თუმცა, სრულყოფილი მსახურების მიზნით, სტიქაროსანთა ჯგუფი არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს განიხილავს.