ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიური და დატვირთულია, რაც გამომდინარეობს ყოველდღიური ლიტურგიკული მსახურებითა და მასში მრევლის აქტიური მონაწილეობით. ინტენსიურმა ევქარისტიულმა და სამრევლო ცხოვრებამ კი უამრავი ახალგაზრის ჩართულობა განაპირობა სატაძრო საქმიანობაში, შედეგად კი წარმოიშვა სხვადასხვა მოხალისეობრივი ჯგუფი: საინიციატივო და საორგანიზაციო, ტექნიკური, გადამღებთა და ინტერნეტ-რესურსების მართვის, გამშვენების და სხვა. ასევე, გაჩნდა საჭიროება და სურვილიც უამრავი სატაძრო საქმის კეთებისა: მზადდება სეფისკვერები, სანთლები, სკვნილები, თაფლი…
სამრევლოს ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების, სოციალურ-კულტურული პროექტების ორგანიზება ხდება. “Წმ. Გრიგოლ ხანძთელის განათლების კერისა” და მასთან არსებული ,,ათონის დარბაზის” ეგიდით იმართება შეხვედრები მრევლისთვის საყვარელ და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პატივსაცემ სასულიერო პირებთან, ონლაინ პლათფორმების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ სამრევლო ახალგაზრდების ერთობით, ასევე, ჩამოყალიბებულია მთარგმნელობითი ჯგუფები, რომლებიც წმინდა მამებისა ნაშრომებსაც თარგმნიან ინგლისური, ბერძნული, რუსული, ენებიდან. სატაძრო სივრცეში შექმნილი ვიდეო გრაფიკული მასალა, გარდა აღნიშნული ენებისა, ითარგმნება ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალ ენებზე.
სამრევლოში არის ტექნიკური ჯგუფიც, რომელიც ტაძრის საღვთისმსახურო თუ სამრევლო ცხოვრების ყველა მთავარი მოვლენის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება-დამუშავებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს.
მსოფლიოში არსებული პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან, ტაძარში საჭირო გახდა გამოყოფილიყო სპეციალური გუნდი, სახელმწიფო რეგულაციების სრული გათვალისწინებისთვის. აქედან გამომდინარე, მრევლის ახალგაზრდა წევრები, რომლებიც შემოსილნი არიან საგანგებოდ შექმნილი თეთრი ჟილეტებით, მუდმივად უზრუნველყოფენ სახელმწიფო რეგულაციების დაცვას და ემსახურებიან ღვთისმსახურებაზე მომსვლელებს.
აღსანიშნავია, სამრევლოს გოგონათა ჯგუფების ენთუზიაზმიც ტაძრის გამშვენებასა და სისუფთავეზე ზრუნვაში: ჯვართამაღლების ტაძარში არსებულ ყველა ხატს აქვს ყვავილებით გაფორმებული ჩარჩო, ხოლო ყოველ დღესასწაულზე თემატურად მშვენდება ტაძრების შიდა ნაწილი და კომპლექსის არაერთი კუთხე.
გამშვენების ჯგუფი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზეც ზრუნავს: ტაძრის ეზოსა და უბანში ჯგუფის ორგანიზებით განლაგებულ ყვავილებზე, შედგენილი მორიგეობით, ყოველდღიურად უვლის მოხალისე გოგონათა ჯგუფი.
პერიოდულად, აღნიშნული გუნდები გასვლით სამუშაო და არასამუშაო შეხვედრებს აწყობენ.
მსგავსმა მოხალისეობრივმა ჯგუფებმა ჩამოყალიბება 2017 წლიდან დაიწყო და ამ პროცესს მაქსიმალურად ეწყობა ხელი ტაძრის რესურსებითაც – სამუშაო ჯგუფებისთვის გამოიყო აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი ინდივიდუალური ოთახები, როგორებიცაა: ხმის ჩამწერი სტუდია, საცხობი, ფოტო-ვიდეო აპარატებით უზრუნველყოფილი სივრცე და ა.შ.
ამ ეტაპზე ჯვართამაღლების ტაძარში სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ათეულობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.